მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი.
მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით
ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ
მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია
და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირველესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით
მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი მასწავლებლებისთვის
სავალდებულო აქტივობად სამოდელო გაკვეთილების ჩატარება.
წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად
5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, ხოლო კარიერული წინსვლისთვის
სტატუსით განსაზღვრულ ვადაში 10 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მოუწევს. ამ აქტივობით
გამოცდილი მასწავლებელი ნაკლებად გამოცდილს უზიარებს საკუთარ წარმატებულ პრაქტიკას
და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სკოლებში ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას.
რა ტიპის გაკვეთილები შეიძლება ჩაითვალოს სამოდელოდ?
შეიძლება ჩაითვალოს:
1. ინტეგრირებული გაკვეთილი;
2. პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი;
3. გამჭოლი
კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
4. ინოვაციური
გაკვეთილი.
მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი
გაკვეთილის ტიპი, შეუსაბამოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწინოს
კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება მისი გაკვეთილი.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის
ჩატარებას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო სახეს
მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის ერთგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ,
რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრებას გაკვეთილის თემის, მიზნებისა
და მათი მიღწევის გზების შესახებ.
გასათვალისწინებელია,
რომ სამოდელო გაკვეთილს ესწრებიან არა მხოლოდ შეფასების ჯგუფის წევრები, არამედ მოწვეული
კოლეგებიც, რაც გარემოს შესაბამისად ორგანიზებას საჭიროებს.
სამოდელო
გაკვეთილის ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს
საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.
სამოდელო გაკვეთილის ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე,
შეფასების ჯგუფი მასწავლებლებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს, თუ ვინ დაესწრება სამოდელო
გაკვეთილს და მათგან ვინ მიიღებს მონაწილეობას მის შეფასებაში.
1. ინტეგრირებული გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი?
ინტეგრირებული გაკვეთილი
არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად
იყენებენ ჯერ კიდევ პირველი რედაქციის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროიდან,
ამასთანავე, 2011-2016 წლის „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის“ მიხედვითაც
მასწავლებელს ამ აქტივობის წარმატებით განხორციელებისათვის ენიჭებოდა კრედიტი.
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი
თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს.
ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე
ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით
დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი
სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე
სფეროებში გამოყენებაზე. 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, რომელიც ადამიანისაგან
მეტ მობილობას ითხოვს. მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოზიციისა და პროფესიის შეცვლა.
ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება განათლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად
შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ მასწავლებლის ვალდებულება თანამედროვე
სამყაროში არ შემოისაზღვრება მხოლოდ საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი
განათლების მიმართ მასწავლებლებს კიდევ უფრო შორს მიმავალ მიზნებს უსახავს და უბიძგებს
მათ ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის
მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა - მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის
გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას,
რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს
გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური
ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად
დაგეგმვა. ტრანსფერის მექანიზმი სხვადასხვანაირია.
არსებობს ახლო და შორი
ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი არც ისე მკაფიოა, „მანძილი“ კი უმთავრესად იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად განსხვავებულ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ
უნარებს.
ახლო ტრანსფერი, უხეშად
რომ ვთქვათ, ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ.
მაგალითად გამოდგება ავტომობილის მართვა. განსხვავებული მანქანის საჭესთან
გადაჯდომა მართვის უნარის ტრანსფერია, თუმცა მაინც მცირედ განსხვავდება კარგად
ნაცნობი სიტუაციისგან. ახლო ტრანსფერად შეგვიძლია ჩავთვალოთ საგნობრივი უნარებიც,
რომლებიც განსაზღვრული საგნის ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის უნარების არსენალში
და რომლებსაც იგი საჭიროებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი
დავალებები ერთმანეთის მსგავსია და, ამდენად, ტრანსფერის განხორციელებაც
შესაძლებელია.
შორი ტრანსფერის
გამოყენება ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგალითად, თუ
კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება,
შეიძლება ბიზნესშიც გამოიყენო. სასწავლო კონტექსტს თუ დავუბრუნდებით, შორი
ტრანსფერი შესაძლებელია საგანთშორის ინტეგრაციისას გამოვიყენოთ, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, თუკი ეს საგნები მომიჯნავე არაა.
მიუხედავად იმისა, რომ
ინტეგრირებულ სწავლებას დიდი ისტორია აქვს, მან დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში,
კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა.
სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ახალი
ვერსიის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალისწინებდეს
შიდა და საგანთშორის კავშირებს. სტანდარტის სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა სამოდელო
გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად ინტეგრირებული გაკვეთილის შემოტანა.
ინტეგრირებული გაკვეთილის
იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი
შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს. ცხადია, ინტეგრირებული გაკვეთილები ყოველდღიურად
ვერ ჩატარდება, რადგან მათ ზედმიწევნით დაგეგმვის გარდა, სხვა სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი სრულფასოვანი გამოვიდეს, ხშირად ერთი გაკვეთილი საკმარისი არ არის და შეწყვილებული გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა ცხრილში ცვლილებების შეტანა.
ინტეგრირებული
გაკვეთილის, როგორც სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპის, ჩატარება წამყვან მასწავლებელს
საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს
დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
წლის დასაწყისში,
როდესაც მასწავლებელი ადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მან გაიაზროს
სავარაუდო თემები, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია სხვა სასწავლო საგნებთან. ამის
შემდეგ იგი უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნების პროგრამას/პროგრამებს.
თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურად შესაძლებელია
მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ თამამად შეიძლება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა.
როდესაც
ინტეგრირებაზე ვფიქრობთ, ხშირად ჩვენი იდეები არ სცდება მომიჯნავე და თემატურად ერთმანეთთან
ახლოს მდგომ საგნებს, თუმცა ბევრად უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაც შეიძლება და ერთი
შეხედვით ერთმანეთთან შორს მდგომი საგნების დაკავშირება. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის
სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა, რაც იმას
ნიშნავს, რომ არჩეულ თემას ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება
იყოს ლოგიკური და ბუნებრივი.
ინტეგრირებული
გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული
საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.
როგორ უნდა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი?
გაკვეთილის
იდეის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში
ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს. გაკვეთილის მოსამზადებლად
რესურსების მოძიება და მომზადება საკმაოდ შრომატევადია და დროს საჭიროებს, რადგან,
ბუნებრივია, რომ მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია აქვთ საკუთარ საგანში არსებულ და ხელმისაწვდომ
რესურსებზე, ვიდრე სხვა საგნებში. გარდა ამისა, მოძიებული მასალა ხშირად საჭიროებს
ქართულ ენაზე თარგმნასა და ადაპტაციას. ამიტომ ჩვენი რჩევაა, მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე
განსაზღვროს ინტეგრირებული გაკვეთილების თემატიკა და გააკეთოს გაკვეთილის გეგმის მონახაზი.
გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების
მასწავლებლებთან, რომელთა ინტეგრირებაც აქვს განზრახული, გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის
მონახაზი და მოისმინოს მათი რეკომენდაციები.
2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
სამოდელო გაკვეთილის
ერთ-ერთი ტიპია პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომელიც ეფუძნება ჯონ დიუის პრინციპს - „სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით“.
განათლების სისტემის მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა
შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად
გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ საგნობრივ ცოდნასთან
და უნარ-ჩვევებთან ერთად მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი
მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში გამოადგებათ,
არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად და პროფესიულ კარიერაში
წარმატების მისაღწევად.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
პრობლემაზე ორიენტირებული
სწავლების იდეა ისევე,
როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტიპის გაკვეთილისა, უნდა მომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო
გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან, ხელს უნდა უწყობდეს მასში დასახული შედეგების მიღწევას.
პრობლემაზე ორიენტირებული
სწავლების გამოყენება შესაძლებელია როგორც
მაღალ, ისე
დაწყებით კლასებშიც, თუმცა ამ უკანასკნელ
შემთხვევაში აუცილებელია ადეკვატური მოდელის შერჩევა დასმული პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად. დაწყებით
საფეხურზე მოდელირება, მოსალოდნელი სცენარის შემუშავება თუ მსავსი აბსტრაქტული დავალებები
ვერ იქნება მიზანშეწონილი.
თუკი ინტეგრირებული
გაკვეთილები უწინარესად ხელს უწყობს ნასწავლის დაკავშირებას სხვა საგანთან/საგნებთან,
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
მოსწავლეს ასწავლის პრობლემის
იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის
საფუძველზე
მისი გადაჭრის გზების ძიებას და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.
ამ ტიპის გაკვეთილზე
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჯერ გამოავლენენ პრობლემას, შემდეგ გაიაზრებენ
მას, რის შემდეგაც ისინი მოიძიებენ, ახარისხებენ
და აანალიზებენ საჭირო ინფორმაციას. მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან გადასაჭრელ პრობლემას და უკვე დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახერხებენ მის გადაჭრას.
პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებისათვის
დამახასიათებელია შემდეგი:
·
სწავლება ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;
·
მოსწავლეები
მუშაობენ მცირე ჯგუფებში, რადგან პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას მნიშვნელოვანია
იდეათა მრავალფეროვნება და ურთიერთგაზიარება;
·
მასწავლებელი
არის მხოლოდ გეზის მიმცემი, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ
ქმედებაზე
და ხდება აქტიური შემმეცნებელი. ეს
კი თავისთავად მის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
მხოლოდ ღიად
დასმული სიტუაციური შეკითხვა (როგორ
არის შესაძლებელი..? შეიძლება თუ არა..? და სხვა) არაა საკმარისი, რომ სიტუაცია პრობლემურად ჩაითვალოს. ამასთან
ერთად საჭიროა:
·
პრობლემური
ამოცანა იყოს ერთგვარი გამოწვევა მოსწავლისათვის, მასწავლებელმა
უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად შეესაბამება პრობლემური ამოცანა
მოსწავლის ასაკობრივ განვითარებასა და უნარ-ჩვევებს.
· მასწავლებლის
მიერ შერჩეული პრობლემური ამოცანა მამოტივირებელი, ინტერესის გამომწვევი უნდა იყოს
მოსწავლეებისთვის.
·
პრობლემის
გადასაჭრელად მასწავლებელმა ისეთი ამოცანა უნდა დასვას, რომ მოსწავლეს დაჭირდეს
ახალი გზის მოფიქრება. თუკი მისთვის უკვე მზა სტრატეგია აქვს, ეს მხოლოდ რიგით სავარჯიშოდ ჩაითვლება.
პრობლემური
სიტუაცია შეიძლება იყოს შემდეგი სამი ტიპის: 1) ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების
მიღებასთან; 2) ამოცანები, რომლებიც მოითხოვს სისტემის ანალიზს და მოდელირებას; 3)
ამოცანები, რომლებიც უკავშირდება რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას.
პრობლემის გადაჭრის მთლიანი ციკლი შემდეგნაირად
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის მოძიებითა
და ჩამოყალიბებით (მასწავლებლის ჩართულობის ხარისხს პრობლემის მოძიებისა და იდენტიფიცირების
პროცესში განსაზღვრავს კლასის მზაობა და შესაძლებლობები). ამის შემდეგ მოსწავლეები
პრობლემას
გაიაზრებენ, დაანაწევრებენ
და გამოყოფენ პრიორიტეტებს, მოახდენენ იდეების
გენერირებას, მოიძიებენ და შეარჩევენ ინფორმაციას, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას, გააანალიზებენ პრობლემას,
მოიძიებენ გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, მიიღებენ
გადაწყვეტილებას და გაუზიარებენ ინფორმაციას ერთმანეთს. შემდეგ გადაამოწმებენ
შედეგების სისწორეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნდებიან შესაბამის ეტაპს და
იქიდან ხელახლა იწყებენ პრობლემის გადაჭრის ციკლის გავლას.
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
სწავლება მოსწავლისაგან მოითხოვს ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას.
პრობლემის გადაჭრა ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს უკვე აქვს, მაგრამ ამასთანავე
აუცილებელია სხვადასხვა შინაარსისა და ცნების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტეგრირება.
ამ დროს შესაძლებელია თვისებრივად ახალი ცოდნის მიღება.
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება უმეტესწილად დაკავშირებული
უნდა იყოს რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ვითარებასთან, შეიძლება იყოს ინტერდისციპლინურიც, როდესაც გადაჭრის გზა არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სასწავლო
საგნით ან მიმართულებით.
სწავლა აღარაა სტანდარტული, რუტინული პროცესი – იგი გარდაიქმნება პიროვნების
განვითარების ხელშემწყობ საშუალებად, რის შედეგადაც მოსწავლეს უყალიბდება ცოდნის ტრანსფერის,
პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები. იმ საკლასო
გარემოში, სადაც გამოყენებულია პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლეები
თანდათან უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ სწავლაზე და ყალიბდებიან დამოუკიდებელ
შემმეცნებლებად, ანუ ისეთ პიროვნებებად, რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მუდმივად
იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ეს კი თანამედროვე განათლების უპირველესი
ამოცანაა.
როგორ უნდა დაიგეგმოს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
ქვემოთ
მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლების სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში:
·
სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის აქტუალური;
·
პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს ინტერესს;
·
პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს
მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი;
·
პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს
რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გამოცდილების
ინტეგრირების შესაძლებლობას;
·
პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე (განსაკუთრებით პირველ ეტაპზე), რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტურობა;
·
პრობლემა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონ საკუთარი
აზრი;
·
მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკმარისი
დრო იმისათვის, რომ შეძლონ
პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა;
·
უნდა წახალისდეს მოსწავლეების შემოქმედებითი მიდგომა;
·
უნდა შეიქმნას კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო
გარემო, სადაც მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომის
დაშვების;
·
უნდა დაისვას ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლისაგან
მოითხოვს დასაბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას,
უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისაკენ;
·
უნდა წახალისდეს თანამშრომლობითი სწავლება,
რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვისი მოსაზრებების გათვალისწინებას;
·
დაბოლოს, თუკი მოსწავლეები შეფერხდებიან:
o იდეების გენერირების ეტაპზე მასწავლებელმა
მათ უნდა შესთავაზოს გონებრივი იერიშის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს
მრავალი საინტერესო იდეის ჩამოყალიბებისაკენ;
o
მასწავლებელმა უნდა ამოაცნობინოს პრობლემაში
უკვე ნაცნობი და მათ
მიერ მოგვარებული სიტუაცია, ანალოგიური პრობლემები, რომლებიც მათ უკვე შეხვედრიათ
და გადაუჭრიათ.
ისევე,
როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში, მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის დაგეგმვისას შეიძლება აღმოაჩინოს, რომ 45 წუთი არ არის საკმარისი მიზნის
მისაღწევად. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ცხრილში გაკვეთილების გადანაცვლება. შეწყვილებული
გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ჩაუღრმავდნენ პრობლემას და იფიქრონ
მისი გადაჭრის გზებზე.
3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
გაკვეთილი?
გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო
გეგმის (2011-2016 წ.წ.) განუყოფელი ნაწილია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ კომპეტენციების
განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას სკოლებში დღემდე გარკვეული სირთულეები
ახლავს, რადგან არ მომზადებულა სათანადო დამხმარე რესურსები, რომლებიც მასწავლებლებს
თავიანთ საგნებში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარებოდა.
ხარვეზებს, რომლებიც გამჭოლი კომპტენციების განვითარებაზე
ორიენტირებულ სწავლებას ახლავს, სხვა მიზეზებიც აქვს. კერძოდ, მასწავლებლები გაკვეთილებზე
ძირითადად მხოლოდ იმ გამჭოლ კომპეტენციებზე მუშაობენ, რომელთა განვითარებაც ბუნებრივია
იმ საგნისთვის, რომელსაც ისინი ასწავლიან. მაგ., წიგნიერების განვითარებას მხოლოდ ქართული
ენა და ლიტერატურა უწყობს ხელს, ეკოწიგნიერებისას - გეოგრაფია, რაოდენობრივი წიგნიერებისას
- მათემატიკა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციისას - სამოქალაქო განათლება და ა.შ. დანარჩენ გამჭოლ კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა
კი სხვა საგნებისთვის აქვთ გადაბარებული.
ეროვნული სასწავლო გეგმა აღწერს 9 პრიორიტეტულ
გამჭოლ კომპეტენციას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ხოლო
მასწავლებლებისგან მოითხოვს, რომ თითოეული საგნის
სწავლების კონტექსტში იყოს მოაზრებული. ეს კომპეტენციებია:
1)
წიგნიერება;
2)
მედიაწიგნიერება;
3)
ციფრული წიგნიერება;
4)
რაოდენობრივი წიგნიერება;
5)
ეკოლოგიური წიგნიერება;
6)
მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია;
7)
სემიოტიკური კომპეტენცია;
8)
სწავლის სწავლა;
9)
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად,
რომელთა შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდიდან http://ncp.ge, ჩამონათვალს,
სავარაუდოდ, დაემატება შემდეგი კომპეტენციები:
1)
ეთიკა, როგორც კომპეტენცია;
2)
მეწარმეობრივი კომპეტენცია;
3)
ჯანსაღი ცხოვრების წესი;
4)
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
აღნიშნული კომპეტენციების დამატების შემთხვევაში, სასურველია
სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მათ განვითარებაზე ორიენტირებული
აქტივობებიც.
სწორედ იმის გამო, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული სწავლების დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია, საჭიროდ მივიჩნიეთ სამოდელო
გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად სწორედ ასეთი გაკვეთილი შეგვეთავაზებინა მასწავლებლებისთვის.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
ისევ და ისევ მასწავლებელი იდეის ჩამოყალიბებას იწყებს
ეროვნული სასწავლო გეგმიდან. ის აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების
ურთიერთკავშირს. ჯერ კიდევ თემატური დაგეგმვის დროს მასწავლებელი ფიქრობს იმაზე, თუ
რომელი თემა რომელი გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს, ან რა მეთოდით
და რა გზებით არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა. სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების
შედარება შეიძლება წარმოდგენილი იყოს სქემატურად, ცხრილის სახით, რაც მასწავლებელს
საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით. არის კომპეტენციები,
რომლებზეც მასწავლებელი მუდმივად უნდა მუშაობდეს, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სწავლის
სწავლა.
როგორ უნდა დაიგეგმოს გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს
ხელმისაწვდომი რესურსები, სახელმძღვანელოს მიღმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, აპლიკაციები,
კომპიუტერული პროგრამები („სოფტები“) თუ სხვა ვიზუალური საშუალებები. ამის შემდეგ იწყება
გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობენ
სხვა მასწავლებლები აღნიშნული კომპეტენციების განვითარებისათვის, რომელი კომპეტენციები
აქვთ მოსწავლეებს უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია თუნდაც ერთი
წარმატებული და სრულფასოვანი გაკვეთილის ფარგლებში მოხერხდეს ბოლომდე რომელიმე ერთი
კომპეტენციის განვითარება. ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია
უწყვეტ პროცესში.
4. ინოვაციური გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ ინოვაციური გაკვეთილი?
მასწავლებელი
მუდმივად უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის განახლებასა და თვალყურს ადევნებდეს საგანში
სიახლეებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ
დონეზე. საქართველოში საგნობრივი პროგრამები 5-წლიანი ვადით მტკიცდება, მასში ცვლილებების
ასახვას ხანგრძლივი მუშაობა და განხილვა სჭირდება. ამიტომ სკოლის დასრულებისთვის ნასწავლი
შეიძლება მოძველებული და უსარგებლო აღმოჩნდეს.
ეს განსაკუთრებით ეხება ისტ-ს, რადგანაც ეს სფერო ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. იგივე შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეც,
აქ ბევრმა აღმოჩენამ ტრადიციულ ცოდნაში დიდი ცვლილებები შეიტანა. ასევე, შესაძლებელია
საერთაშორისო დონეზე მოხდეს მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, ან განახლდეს რომელიმე
კონვენცია, რისი ასახვაც საგნობრივ პროგრამაში ვერ მოესწრო დამტკიცებული ვადების გამო.
ასევე მაგალითისათვის გამოდგება ეროვნულ დონეზე ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში,
რომელშიც ქვეყნის მმართველობის მოდელი მთლიანად გადაიხედა, ახლებურად გადანაწილდა ფუნქციები
სამთავრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო ინსტიტუციებს შორის. ცხადია, ეს ცვლილება
2011-2016 წწ. სასწავლო გეგმაში ვერ მოხვდებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები
ამის გამო მოძველებული ცოდნის ამარა დავტოვოთ.
ასევე მუდმივად
იცვლება, ვითარდება და მრავალფეროვნდება სწავლების მეთოდიკაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი,
რომ მასწავლებელმა თვალყური ადევნოს როგორც აკადემიურ, ისე მეთოდურ სიახლეებს საგანში
და ასახოს ისინი თავის პრაქტიკაში.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
მასწავლებელი
კარგად უნდა იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნებს და ამავდროულად მას უნდა
ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა სამეცნიერო ცვლილებებია მის სფეროში, რა ცვლილებები მიმდინარეობს
ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, მასწავლებელი
ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს სიახლეებს და მოსწავლეებსაც
საჭირო დროს უზიარებდეს.
მაგალითისთვის გამოდგება ათასწლეულის მიზნების
დასრულება 2015 წლის დეკემბერში და ოქტომბერში
გაეროს მსოფლიო კონფერენციაზე დამტკიცებული მდგრადი განვითარების გლობალური
მიზნების დაწყება 2016 წლის იანვრიდან. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაიაზრონ
თუ რატომ შეიცვალა 8 მიზანი, მოხერხდა თუ არა
მათი განხორციელება, რა მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები და რატომ შემოიღეს ახალი
17 მიზანი. ეს სიახლე შეიძლება განსხვავებული მეთოდების გამოყენებით შემოიტანოს მასწავლებელმა.
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასზე შეიძლება სამოდელო გაკვეთილი დაიგეგმოს.
როგორ უნდა დაიგეგმოს ინოვაციური გაკვეთილი?
მას შემდეგ,
რაც მასწავლებელი გაეცნობა სიახლეს და გადაწყვეტს მის შეტანას კლასში, იწყებს გაკვეთილის
დაგეგმვას. თუკი ეს არ არის ეროვნულ დონეზე განხორციელებული ცვლილებები, მასწავლებელს
დიდი დრო დაეხარჯება ქართულ ენაზე რესურსების მოსამზადებლად. თუმცა, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია,
მაგალითად, ჟურნალი „National Geographic საქართველო“, რომელიც სხვადასხვა საგნის მასწავლებელს
(გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ხელოვნების, სხვ.) მუდმივად სთავაზობს უახლეს მიღწევებს მეცნიერებაში.
რაც შეეხება
სიახლეებს სწავლების მეთოდიკაში, სასურველია მასწავლებლები გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას,
ასევე ქართულ და უცხოურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ სწავლების სტრატეგიებს, გამოსცადონ
ისინი პრაქტიკაში, მიუდგნენ შემოქმედებითად და, საჭიროების შემთხვევაში, გაუკეთონ მათ მოდიფიცირება. მასწავლებელს შეუძლია
თავად შეიმუშაოს სწავლების ახალი, უნიკალური მეთოდიკა.
წყარო:
მასწავლებლის
მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის გზამკვლევი, მეორე
ნაწილი, 2016.
No comments:
Post a Comment